როგორ მივაღებინოთ მომხმარებელს ყიდვის გადაწყვეტილება

06/18/2019
როგორ მივაღებინოთ მომხმარებელს ყიდვის გადაწყვეტილება

ონლაინ მომხმარებლების 60-80% ტოვებს თავის კალათას. ეს კი ნიშნავს, რომ  ადამიანები აპირებდნენ ნივთის შეძენას, მაგრამ ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებულები მის საჭიროებაში. კალათის მიტოვების მიზეზი შესაძლებელია იყოს ასევე შეუსაბამო ფასი ან ვებ-გვერდის გაუმართაობა, მაგრამ ეს პრობლემებიც  გამოსწორებადია.

ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა გზებს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გაზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაამატებენ ნივთებს კალათაში და ბოლომდე მიყვებიან ყიდვის პროცესს.

ქვემოთ ჩამოთვლილი მინიშნებები დაგეხმარებათ აქციოთ თქვენს მაღაზიაში შემოსული სტუმრები მყიდველებად.

ისაუბრეთ თქვენი კომპანიის სარგებელზე

ეს თითქოს აშკარაა, მაგრამ ბიზნესების უმეტესობა უხსნის მყიდველს პროდუქტის შინაარსს და არა იმას, რა სარგებელს მოუტანს ეს ნივთი მყიდველს და როგორ გააუმჯობესებს მის ცხოვრებას. თუ მომხმარებელი გააცნობიერებს ამას, ბევრად მარტივი იქნება მისი დარწმუნება იმაში, რომ თქვენი პროდუქცია მისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.

თქვენ არ გევალებათ  მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება ან ვინმეს სიცოცხლის გადარჩენა. თქვენი ამოცანაა დაეხმაროთ მომხმარებელს იმის წარმოდგენაში, თუ როგორ მოიხმარენ ისინი ამ პროდუქტს. დაარწმუნეთ ისინი მოცემული ნივთის აუცილებლობაში.

გააზიარეთ  პროდუქციის დამზადების პროცესი

პროდუქტის დამზადების პროცესის გაზიარება ხდის თქვენს კომპანიას გამორჩეულს და იზიდავს მომხმარებლის ყურადღებას. თქვენ მარტივად შეგიძლიათ დეტალური ფოტოების განთავსება ონლაინ ჩამონათვალში. ასევე, შეგიძლიათ  ატვირთოთ დამზადების პროცესთან დაკავშირებული ვიდეო ან ბლოგ პოსტი.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი კონკურენტებიც მიმართავდნენ ამ ხერხს, მყიდველმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ეს მიღებული ნორმაა. ის ფაქტი, რომ თქვენ ეს აღნიშნეთ, არწმუნებს მომხმარებელს თქვენს გამორჩეულობაში და საბოლოოდ ის არჩევანს თქვენს პროდუქციაზე აჩერებს.

აღნიშნეთ კომპანიის პოპულარობა

უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ ბრბოს აყოლილი ქმნილებები. თუ თვენ მიერ წარმოებული პროდუქცია ათასობით ადამიანს მოსწონს, სხვა მყიდველებიც ჩათვლიან, რომ ღირს მისი შეძენა.

მიუხედავად იმისა, რომ  შეიძლება ვერ მოახერხოთ რეკომენდაციის მიღება თითოეული მომხმარებლისგან, თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ენდობა თქვენს ბრენდს. მაგალითად, „შეუერთდით ასობით ადამიანს, რომლებმაც აირჩიეს ჩვენი პროდუქცია“. მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენ არ აკეთებთ ყალბ განცხადებებს და არ შეგყავთ მყიდველი შეცდომაში.

მოახდინეთ თქვენი სამუშაო გარემოს აფიშირება

როგორია თქვენი სამუშაო გარემო. სად მზადდება თქვენი პროდუქცია?

მაგალითად, სუფთა სამზარეულოში დამზადებული ნამცხვრები უფრო ხარისხიანად მიიჩნევა, ვიდრე ნამცხვრები რომელთა დამზადების გარემო და პირობები არაა ნაჩვენები.

შემოქმედის პროდუქცია უფრო ორიგინალურად და ავთენტურად გამოიყურება, როდესაც ის დამზადებულია სტუდიაში, რომლის ექსტერიერიც დამშვენებულია აგურითა ან ხით და  მდებარეობს ქალაქის ცენტრში.

თქვენი სამუშაო სივრცის ფოტოების გავრცელება შეიძლება არ იყოს ის რაც მომხმარებელს აინტერესებს, მაგრამ ის აუცილებლად აღნიშნავს კომპანიის პროფესიონალიზმს. ამგვარად, შეგიძლიათ მომხმარებლის ნდობის მოპოვება, ისინი დარწმუნდებიან, რომ თქვენ საქმეს სერიოზულად უდგებით.

ნდობის მოპოვება

თუ ვათვალიერებ ონლაინ მაღაზიას, რომელიც ნაკლებად ცნობილია, მეტად სკეპტიკურად ვარ მის მიმართ განწყობილი. მრავალი ამბავი მომისმენია, რომელშიც პროდუქტის გამოწერისას ის ან დროზე გვიან ჩამოსულა ან კი საერთოდ არ ჩამოსულა. ასევე ყოველთვის არის საშიშროება იმისა რომ პროდუქტი ისეთი არაა, როგორიც ფოტოში. შემოგთავაზებთ რამდენიმე ხრიკს იმისათვის რომ მოიპოვოთ მომხმარებლის ნდობა.

რეკომენდაციები

თუ ასობით ადამიანი კარგად აფასებს თქვენს პროდუქტს, ან თუნდაც რაიმე შეკითხვა აქვთ, აუცილებლად მიეცით შესაძლებლობა რეკომენდაციის დაწერის. ეს თქვენს პოტენციურ მომხმარებელს დაარწმუნებს თქვენი პროდუქტის ხარისხში.

ბევრი მომხმარებელი რეკომენდაციის დაწერაზე არ ფიქრობს. ამიტომ თქვენ მათთვის თხოვნა მოგიწევთ. არსებობს ორი ვარიანტი: თხოვოთ პროდუქტის შეძენიდან რამდენიმე დღეში, ან დროდადრო ერთი წლის განმავლობაში.

გამოიყენეთ ეს დრო გამოსადეგი გამოხმაურებების შეგროვებაში, რაც ასევე დაგეხმარებათ პროდუქტის გაუმჯობესებაში. თქვენ შეგიძლიათ დასვათ კითხვები: "როგორ გამოიყენეთ ჩვენი პროდუქტი?" ან "რა არის ჩვენი პროდუქტის ყველაზე ძლიერი მხარე?", რომელიც სჯობს ზოგად კითხვებს მაგალითად "შეაფასეთ ჩვენი პროდუქტი". მომხმარებლების უმეტესობას დიდი დრო არ ექნება რეკომენდაციის დასაწერად. ამ გამარტივებული მეთოდით კი  მეტ და გამოსადეგ რეკომენდაციას მიიღებთ.

პროდუქტის გამოწერაში დაზღვევის ჩართვა

როგორ ფიქრობთ, იქნება კომპანია უფრო სანდო თუ ის გარანტიას გაძლევთ, რომ პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში თქვენი ფული ანაზღაურდება? აღნიშნეთ თქვენს სადაზღვეო პოლისში, რომ თქვენ ზრუნავთ მომხმარებელზე და პროდუქტზე.

ყველა კომპანიას არ შეუძლია იმის გარანტირება, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იქნება პროდუქტით და უკმაყოფილობის შემთხვევაში დააბრუნოს ფული. მაგრამ სამაგიეროდ შეუძლია უფასო შეკეთების სერვისის შეთავაზება გარკვეული დროის ფარგლებში.

წარადგინეთ სერტიფიკატები

ხელოვნების და შემოქმედების დადებითი მხარეა ის, რომ თქვენ არ გჭირდებათ სერტიფიკატები თქვენი პროფესიონალიზმის დასამტკიცებლად, მაგრამ ამ ფაქტს უამრავი ადამიანი იყენებს, რომელიც ცდილობს თავისი ხელნაკეთი ნივთების გაყიდვას. რითი გამოირჩევით მათგან? განმარტეთ რატომ ხართ საკმარისად კვალიფიცირებული თქვენი პროდუქციის გასაყიდად, ამით თქვენი მომხმარებლების ნდობას დაიმსახურებთ და გაუქარწყლებთ ეჭვებს, რომ თქვენი მოქსოვილი ახალი ქუდი გაირღვევა ან თქვენი საპონი გამონაყარს გაუჩენს.

თუ თქვენ არ ფლობთ ჯილდოებს და სერტიფიკატებს, მაგრამ უამრავი დრო დაუთმეთ მასალების/ინგრედიენტების შესწავლას, ესეც აღსანიშნია. ან იქნებ რომელიმე ცნობილი კომპანია გასპონსორებთ. ის ფაქტი, რომ თქვენს გვერდით ძლიერი კომპანია დგას, კიდევ უფრო დაარწმუნებს თქვენს კლიენტებს, რომ თქვენი პროდუქცია სანდოა.

ისაუბრეთ თქვენს ფასეულობებზე

კიდევ ერთი სფერო, რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან. მნიშვნელოვანია თქვენი და მომხმარებლის ფასეულობები ემთხვეოდეს, რადგან ამგვარად თქვენ მის ერთგულებასა და ნდობას მოიპოვებთ.

მომხმარებლის დაკმაყოფილება თქვენი პრიორიტეტი უნდა იყოს. მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ ზრუნავთ მასზე და რომ მათ მიერ შეძენილი პროდუქტი გადახდილ ფასს შეესაბამება.

მაგალითად, თუ ცხოველთა უფლებების დაცვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, შეგიძლიათ აღნიშნოთ რას აკეთებთ მათ მხარდასაჭერად. ეს შეიძლება იყოს შემოწირულობა თქვენი მოგებიდან ან მოხალისეობა ცხოველთა თავშესაფარში.

თუმცა ამით პროდუქტის არსი არ იცვლება, მომხმარებელი იგრძნობს უფრო ღრმა კავშირს და უფრო გენდობათ, რადგან თქვენც ისევე ზრუნავთ ცხოველებზე, როგორც ისინი.

თავი აარიდეთ ფინანსურ გაუგებრობებს

მომხმარებელთა მიერ კალათის მიტოვების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ფინანსებთან დაკავშირებული გაუგებრობები. წარმოგიდგენთ რამდენიმე საკითხს, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ:

ერიდეთ დამატებით საფასურის დარიცხვას:

იყავით გულწრფელნი მომხმარებლების წინაშე, როდესაც საქმე პროდუქტის საბლოო ფასს ეხება. დაუსახელეთ მომხმარებელს პროდუქტის და მისი მიტანის სერვის დაახლოებითი ფასი.  დააფიქსირეთ მიტანის სერვისისა და დამატებითი გადასახადების ღირებულება.

თუ საფოსტო სერვისების საფასური ძალიან მაღალია, თქვენ შეგიძლიათ მიამატოთ ამ თანხის ნაწილი პროდუქტის საფასურს.

გადაზიდვა:

შეეცადეთ გქონდეთ რამდენიმე ვარიანტი, როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტირებას. როდესაც დაჩქარებული მიტანა ღირს 35 ლარი, მშვენიერი ვარიანტია 10 ლარის გადახდა სტანდარტულ მიტანაში.

ვალუტის ფუნქცია:

თუ თქვენს ონლაინ მაღაზიას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც სტუმრობენ, დაამაატეთ მათთვის ვალუტის კონვერტაციის ფუნქცია. ამ შემთხვევაში მათ ეცოდინებათ პროდუქციის ზუსტი ფასები და არ დასჭირდებათ კალკულატორი ღირებულების გამოსათვლელად.

ვებ-გვერდის გამოყენებადობა:

დღესდღეობით, ონლაინ სივრცეში რთულია მომხმარებლის ყურადღების დიდი ხნით მიპყრობა, ამიტომ თქვენი ონლაინ მაღაზია უნდა იყოს სწრაფი და მარტივი. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი საიტი და დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

გაამარტივეთ ნავიგაცია

იქონიეთ მარტივი და გასაგები ვებდიზაინი, ყველა ღილაკს მიუთითეთ შესაბამისი სახელწოდება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია გვერდის კრეატიულად გაფორმება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექსტის უმნიშვნელო ცვლილებებმაც კი შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს კომპანიის გაყიდვებზე. მაგალითად, ღილაკ “ყიდვა”-ს ნაცვლად, “დაამატე შენს კარადას” განთავსება  შესაძლოა სახალისოდ და კრეატიულად ჟღერდეს, თუმცა ამან შესაძლოა დააბნიოს მომხმარებელი. ამიტომაც მნიშვენლოვანია გახადოთ თვალნათელი ყველა ღილაკის ფუნქცია.

ვებ-გვერდის სისწრაფე

თუ თქვენი საიტის გასახსნელად რამდენიმე წამზე მეტია საჭირო, მომხმარებელი არ დაელოდება საიტის ჩატვირთვას და გათიშავს მას. ამიტომაც,ღირს ბიუჯეტის გამეტება გვერდის განვითარებისთვის, რათა უზრუნველყოთ მისი სისწრაფე და სტაბილურობა.

გაამარტივეთ საგადასახადო პროცედურები

თუ თქვენს ონლაინ გვერდს გაუგებარი და რთული საგადასახადო პროცედურები აქვს, ავალდებულებს მომხმარებელს დარეგისტრირდეს თქვენს საიტზე, მომხმარებელი შეწუხდება და სასურველ პროდუქტს სხვა, შედარებით დალაგებული ონლაინ მაღაზიიდან შეიძენს. ამიტომაც ნუ შეაწუხებთ მომხმარებელს ზედმეტი პროცედურებით- გაუმარტივეთ საქმე და დაუზოგეთ დრო.

დასკვნა:

ამგვარად, ბლოგში გადმოვეცით რამდენიმე ხერხი, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ,,დაინტერესებული“ მომხმარებელი ,,მყიდველად“. როგორ და რა სახით გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი, როგორ მოვიპოვოთ მათი ნდობა და ვიყოთ მომხმარებლის თვალში ერთგული და პოპულარული.