ონლაინ გადახდების ინტეგრაცია - საქართველოს ბანკი და თიბისი
როგორ მივიღოთ ბარათით გადახდა და განვადება CS-Cart ონლაინ მაღაზიაში
წარმოიდგინეთ, კალათაში 120-ლარიანი სანათია, მიტანა კი 5 ლარი ღირს. მყიდველი შეკვეთას ტელეფონით აფორმებს და გადახდის ღილაკზე „საქართველოს ბანკს“ ხედავს, მას კი თიბისის Visa ბარათი აქვს. შეძლებს გადახდას? დიახ: მთავარია, მაღაზია Visa-ს იღებდეს, მყიდველს კი ბარათზე თანხა ჰქონდეს. მყიდველსა და მაღაზიას ანგარიში ერთსა და იმავე ბანკში არ სჭირდებათ.
მყიდველისთვის მთავარია, წინასწარ დაინახოს საბოლოო 125 ლარი, აირჩიოს ნაცნობი მეთოდი და გადახდის შემდეგ ზუსტად იცოდეს, მიიღო თუ არა მაღაზიამ მისი შეკვეთა. ონლაინ გადახდების ინტეგრაცია სწორედ ამ პროცესს აწყობს: CS-Cart ბანკს უგზავნის შეკვეთის ნომერსა და თანხას, ბანკის პასუხის მიხედვით კი შეკვეთის სტატუსი საიტზე ავტომატურად იცვლება. „ჯეოფეი“ ამ სამუშაოს სრულად ასრულებს: გადახდის მოდულის შერჩევიდან სატესტო გადახდების შემოწმებამდე.
ერთი ბანკის ჩართვა საკმარისია?
თუ დასაწყისისთვის მხოლოდ ბარათით გადახდა გჭირდებათ, ერთი ბანკის ინტეგრაციაც საკმარისია. არჩევანის გასაკეთებლად ორივე ბანკს რამდენიმე პირობა დაუზუსტეთ: რა საკომისიო აქვთ ქართულ და უცხოურ ბარათებზე, რომელ ვალუტებს იღებენ, რამდენ ხანში ჯდება თანხა ანგარიშზე და როგორ ხდება თანხის სრული ან ნაწილობრივი დაბრუნება. ეს პირობები თქვენს რეალურ შეკვეთებს შეადარეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უცხოეთიდანაც გყავთ მყიდველები.
ორივე ბანკის პარალელურად ჩართვას მაშინ აქვს აზრი, როცა გინდათ, მყიდველს არჩევანი მისცეთ. თითო ბანკს ბარათის გარდა საკუთარი მეთოდებიც აქვს: საქართველოს ბანკის მოდულით მყიდველი იხდის ბარათით VISA ან Mastercard, ასევე AMEX, ონლაინ განვადებით, ნაწილ-ნაწილ, "Plus" ქულებით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. თიბისის გადახდების მოდულით კი VISA ან Mastercard ბარათით, QR კოდით, ინტერნეტბანკით, „ერთგული“ ქულებით, განვადებით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით. ონლაინ მაღაზიის მფლობელის კი აქვს შესაძლებლობა თითოეულ მეთოდის ტიპი მაღაზიის ადმინ-პანელიდან ერთი კლიკით ჩართოს ან გათიშოს და არ საჭიროებს პროგრამირებას.
ასე მუშაობს ჩვენი არაერთი პროექტი:
- Gorgia.ge - საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა, თიბისისა და კრედო ბანკის განვადება.
- Domino.com.ge - საქართველოს ბანკისა და თიბისის ბარათით გადახდა და ორივე ბანკის ონლაინ განვადება;
- Acoustic.ge - საქართველოს ბანკისა და თიბისის ბარათით გადახდა და ორივე ბანკის ონლაინ განვადება;
- Liloshop.ge - ორივე ბანკის ონლაინ გადახდა, ასევე საქართველოს ბანკის, ლიბერთისა და კრედო ბანკის განვადება;
სხვა მაგალითები იხილეთ ჩვენი პროექტების გვერდზე.
რატომ ითხოვს ბანკი ზოგჯერ დამატებით დადასტურებას?
როცა მყიდველი ბარათით იხდის, მაღაზიის ბანკი მოთხოვნას ბარათის გამომშვებ ბანკს უგზავნის. იმის გასარკვევად, ნამდვილად ბარათის მფლობელი იხდის თუ არა, ბანკები საერთაშორისო 3-D Secure სისტემას იყენებენ. სისტემა აფასებს მოწყობილობას, თანხას და ოპერაციის ტიპს. თუ ყველაფერი უსაფრთხოა, შემოწმება ფონურად, მყიდველის შეუწუხებლად ხდება.
თუ ბანკმა ოპერაცია საეჭვოდ მიიჩნია ან თანხა დიდია, მყიდველს დამატებითი დადასტურება სჭირდება: მაგალითად, მობაილბანკში შეტყობინების დამოწმება, თითის ანაბეჭდი ან ერთჯერადი SMS კოდი. ამიტომ აღარ მოდის SMS ყველა შენაძენზე. დადასტურებისას მყიდველმა ყოველთვის უნდა გადაამოწმოს თანხა და მაღაზიის სახელი.
ვისთან რჩება ბარათის მონაცემები?
მყიდველი ბარათის მონაცემებს ბანკის დაცულ გვერდზე ავსებს, ამიტომ მაღაზიის ბაზაში ბარათის სრული ნომერი არ ინახება. საიტს უბრუნდება მხოლოდ ოპერაციის ნომერი, თანხა და სტატუსი, რაც შეკვეთის დასადასტურებლად ან თანხის დასაბრუნებლად სჭირდება. დაცული კავშირი (SSL) და ადმინ-პანელის უსაფრთხოება კი მაღაზიის პასუხისმგებლობაა.
ციფრული საფულით გადახდისას, მაგალითად Apple Pay-ით, მაღაზიას ბარათის ნამდვილი ნომერი საერთოდ არ გადაეცემა: მის ნაცვლად დაშიფრული ერთჯერადი კოდი იგზავნება. საერთაშორისო სტანდარტი PCI DSS ბარათის დამცავი კოდის (CVV/CVC) შენახვას კრძალავს. თუ ბარათთან, Apple Pay-სა და Google Pay-სთან ერთად კრიპტოვალუტით გადახდაც გჭირდებათ, ამას ერთი ინტეგრაციით Keepz-ის მოდული ფარავს.
როგორ დავიწყოთ ონლაინ გადახდების მიღება?
- შეათანხმეთ პირობები ბანკთან. აუხსენით ბანკს, რას ყიდით, საიდან გყავთ მყიდველები და რა მეთოდები გჭირდებათ. გააფორმეთ მერჩანტის ხელშეკრულება და მოითხოვეთ სასურველი სერვისების ჩართვა. ბანკი გადმოგცემთ ინტეგრაციის მონაცემებს (მერჩანტის იდენტიფიკატორსა და გასაღებებს), რომლებიც მოდულის პარამეტრებში იწერება. წინასწარ დააზუსტეთ როგორც ბანკის საკომისიო, ისე საიტზე ინტეგრაციის ხარჯი.
- დააკავშირეთ გადახდა შეკვეთასთან. „ჯეოფეის“ გუნდი შეამოწმებს თქვენი CS-Cart-ის ვერსიას, დააყენებს შესაბამის მოდულს და გამართავს შეკვეთის სტატუსებს: რომელ სტატუსს იღებს წარმატებით გადახდილი შეკვეთა და რომელს წარუმატებელი. თუ თანხის წინასწარ დაბლოკვას იყენებთ, დაბლოკილი თანხა მაშინ ჩამოიჭრება, როცა მენეჯერი შეკვეთას თქვენ მიერ არჩეულ სტატუსზე გადაიყვანს. თანხის დაბრუნებაც შეკვეთის სტატუსის შეცვლით ხდება, ადმინ-პანელიდან გაუსვლელად.
- გაიარეთ მყიდველის გზა ტელეფონითაც. გაშვებამდე გატესტეთ წარმატებული გადახდა, ბანკის უარი, გაუქმება და თანხის დაბრუნება. ერთ-ერთი ტესტის დროს გადახდის დადასტურებისთანავე დახურეთ ბანკის გვერდი: მაღაზიამ შედეგი ბანკისგან ფონურ რეჟიმშიც უნდა მიიღოს, მაშინაც კი, თუ მყიდველი საიტზე აღარ დაბრუნდა.
გაშვებამდე შეამოწმეთ ის შეტყობინებებიც, რომლებსაც მყიდველი ეკრანზე ხედავს. წარმატებული გადახდის შემდეგ აჩვენეთ გადახდილი თანხა, შეკვეთის ნომერი და მიწოდების პირობები. თუ ბანკის პასუხი ჯერ მუშავდება, გასაგებად დაწერეთ „გადახდა მოწმდება“ და მიუთითეთ, სად ნახავს მყიდველი განახლებულ სტატუსს, რომ თანხა მეორედ არ გადაიხადოს.
თუ მაღაზია ჯერ არ გაქვთ, დაიწყეთ სტატიით როგორ შევქმნა ონლაინ მაღაზია ან
ან შეავსეთ მოკლე ფორმა ბმულზე : ონლაინ მაღაზიის შექმნა - და გაიგეთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული პირობები
დაგეგმეთ თქვენი მაღაზიის ინტეგრაცია
მოგვწერეთ თქვენი მაღაზიის მისამართი, CS-Cart-ის ვერსია (თუ იცით) და რომელი ბანკის ინტეგრაცია და რა ფუნქცია გჭირდებათ პირველ რიგში: ბარათით გადახდა, ონლაინ განვადება, ციფრული საფულე თუ თანხის წინასწარი დაბლოკვა. შევამოწმებთ თავსებადობას და გეტყვით სამუშაოს მოცულობასა და ღირებულებას. მოითხოვეთ გადახდების ინტეგრაციის კონსულტაცია.